საერთაშორისო საჰაერო გადამზიდავები საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში 2 000 ლარით დაჯარიმდებიან

პარლამენტის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსში ცვლილები შევიდა.

ცვლილებების თანახმად, გადასახადისგან თავის არიდებად მიიჩნევა საგადასახადო დეკლარაციაში პირის მიერ გადასახადის თანხის 100 000 ლარზე მეტით შემცირება. მაშინ როცა წინა რედაქციით, 50 ათას ლარზე მეტით შემცირება იყო გათვალისწინებული.

გარდა ამისა, ახალი რედაქციით, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი პირი, საგადასახადო ორგანოსათვის საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების, ამ სატრანსპორტო საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის ან/და მგზავრების შესახებ წინასწარი ინფორმაციის დადგენილი წესით წარუდგენლობის შემთხვევაში 2 ათასი ლარით; ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში 4 000 ლარით დაჯარიმდება.

ცვლილებების თანახმად 500 ლარით შემცირდა ფულადი სანქცია, საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული იმ დოკუმენტის შენახვის ვადის დარღვევაზე, რომლის შეოსავლების სამსახურში წარდგენის ვალდებულებაც არ ეკისრებოდა. ამ დარღვევაზე ახალი რედაქციით, 1 000 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, მაშინ როცა წინა რედაქციით ჯარიმა 1 500 ლარი იყო.

ასევე შემცირდა და განახევრდა ჯარიმის ოდენობა საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევაზეც. კერძოდ, ამ პირობის დარღვევა ნებართვის მფლობელი პირის 2 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.