ბაზარზე გირჩის მურაბა გამოჩნდა

ბაზარზე გირჩის მურაბა გამოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ მეწარმეობის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ფიჭვის მტვერსა და გირჩის მურაბას ელიზა გოგოლაძე თავიდან ბორჯომში, სოფელ ტიმოთესუბანში, სახლის პირობებში ამზადებდა. ახლა კი პროდუქტი უკვე „გუდვილის“ სუპერმარკეტებშია წარმოდგენილი.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიღებული 5 000 ლარიანი თანადაფინანსების შედეგად ელიზა გოგოლაძემ ფიჭვის მტვრისთვის გასაშრობი სათბურის აშენება და კეთილმოწყობა შეძლო. რის შემდეგაც, გოგოლაძემ საკუთარი პროდუქციის ბრენდირება მოახდინა და ბაზრებიც წარმატებით აითვისა.

სააგენტოს ცნობითვე, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჯამში, 3 205 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მინიმალური მოცულობა შეადგენს 29 155 007 ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 22 942 704 ლარი, სადაც 4 909 ბენეფიციარია.