უკრაინაში რუსული პროდუქციის ბოიკოტირება გრძელდება

"მოვუგოთ რუსეთს სუპერმარკეტიდან გაუსვლელად",- ამ დევიზით უკრაინელი მომხმარებელი რუსულ პროდუქციას ებრძვის.

"ეკონომიკური პატრიოტიზმი" უკრაინაში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. პროპაგანდა რუსული პროდუქციის წინააღმდეგ უკრაინული პორტალების: Delo.Ua-ს და Marketing Media Review-ის ინიციატივით ტარდება.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ უკრაინელ ხალხს, რომ მათ არ შეიძინონ აგრესორი ქვეყნის პროდუქცია და ისინი მშობლიური, უკრაინული პროდუქციით შეცვალონ.

”ჩვენი ფული ჩვენვე უნდა დაგვიბრუნდეს ჩვენი ეკონომიკის აღსადგენად და არ წავიდეს პუტინის ჯიბეში”, - აცხადებენ აქციების ორგანიზატორები.

როგორც უკრაინულ პრესაში წერენ, მოსახლეობას რუსული საქონლის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს უკრაინის საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ოტპორიც". "ოტპორში" ამბობენ, რომ ბოიკოტი რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების საპასუხოა.