სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ცენტრში 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი.
გალერია თბილისის საერთო ფართი 55, 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
„მინუს ერთ სართულზე განთავსდება სუპერმარკეტი, ბანკი, აფთიაქი, ქიმწმენდა, სილამაზის სალონი, მობილური ოპერატორის მომსახურების ცენტრი და ნივთების შეკეთების ობიექტები. შენობის პირველ ოთხ სართულზე განთავსდება ხელმისაწვდომი და ასევე მაღალი კლასის ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების მაღაზიები, ამავე სართულებზე იქნება წარმოდგენილი საბავშვო ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სპორტული აქსესუარების მაღაზიები. სავაჭრო ცენტრის კვების ზონაში სხვადასხვა რესტორანი და კაფე მოიყრის თავს. სწრაფი კვების ობიექტების ფართო არჩევანი და სხვადასხვა ქვეყნის მრავალფეროვანი რესტორნები შეხვედრების საუკეთესო ადგილად იქცევა. კვების ზონის გვერდით წარმოდგენილი ბავშვთა გასართობი ცენტრი ყველა ასაკის ბავშვს უმასპინძლებს.
შენობის ბოლო სართულზე განთავსდება პრემიუმ კლასის კინოთეატრი ექვსი უახლესი და განსაკუთრებით კომფორტული დარბაზით, ასევე, ბოულინგის კლუბი და სპორტბარი ღია ტერასით. განთავსდება სრულად აღჭურვილი ფიტნესდარბაზი. შენობაში ინტეგრირებულია „თავისუფალი“ და „ალ.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული“ თეატრები და მეტრო სადგურ „თავისუფლების მოედნის“ განახლებული ფოიე,“-ნათქვამია „გალერია თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.