ევროკავშირის საბჭო 16 სირიელ მეცნიერსა და სამხედროს, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს სირიაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევებთან, სანქციებს დაუწესებს.
აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ ვისაუბრებთ სანქციებზე მათთან მიმართებაში, ვინც დამნაშავეა ბოლო თვეების განმავლობაში სირიაში ქიმიური შეტევების განხორციელებაში. დღეს ევროკავშირის საბჭო შეთანხმდება, რომ 16 პირს სანქციები დაუწესდება. მათი გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული იქნება, ხოლო ევროპაში განთავსებული საბანკო აქტივები გაიყინება. ეს ეხება როგორც სამხედრო, ასევე ტექნიკურ პერსონალს“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
ოფიციალური დამასკო უარყოფს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებით შეტევების განხორციელებას. სირიის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნულის უკან ტერორისტული ორგანიზაციები დგანან.