გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა

გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, სადაც სემეკმა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაადგინა.

სემეკის გადაწყვეტილებით, თბოელექტროსადგურებისთვის, „ყაზბეგი გაზისთვის", „დუშეთი გაზისთვის" და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ახალი ერთიანი ტარიფი დადგინდა და 1 კუბურ მეტრზე - 1.884 თეთრი იქნება (დღგ-ის გარეშე). აღნიშნული ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

სემეკს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის" ტარიფები 2000 წლის შემდეგ არ დაუდგენია. 2000 წლიდან დღემდე გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის" მოქმედი ტარიფები ასეთი იყო - თბოელექტროსადგურებისთვის 1 კუბური მეტრი - 0.900 თეთრი. „ყაზბეგი გაზისთვის" - 1 კუბური მეტრი - 0.900 თეთრი, "დუშეთი გაზისთვის" 1 კუბური მეტრი - 1.167 თეთრი, დანარჩენი მომხმარებლებისთვის 1 კუბური მეტრი - 1. 383 თეთრი.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ საქართველოში მაგისტრალური გაზსადენების ერთადერთი ლიცენზირებული საოპერატორო კომპანიაა, რომელიც მაგისტრალური გაზსადენებისა და მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას 3 ძირითადი მიმართულებიდან (აზერბაიჯანი, შაჰ-დენიზის საბადოები და რუსეთი) საქართველოს მომხმარებლებისათვის და ასევე გაზის ტრანზიტს რუსეთიდან სომხეთში.

რაც შეეხება გაზის სამომხმარებლო ტარიფებს, ხვალ სემეკი შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დაადგენს.

დღევანდელ სხდომას ,,ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები დაესწრნენ და დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათივე განცხადებით, სემეკმა გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირება არ უნდა დაუშვას.