გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ, 0.5 თეთრით გაიზარდა , - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მილორავამ აღნიშნა, „გაზის ტრანსპორტირების კომპანია" არის საქართველოში გაზის ერთადერთი ტრანსპორტირების ლიცენზიანტი.
მისივე თქმით, აქამდე მოქმედი ტარიფი იყო 1 კუბურ მეტრზე - 1. 383 თეთრი, ხოლო დღეს დადგინა ერთიანი ტარიფი 1 კუბურ მეტრზე - 1.884 თეთრი (დღგ-ის გარეშე).
„აქამდე „გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" ჰქონდა 4 ტარიფი. განსხვავებული ტარიფები იყო თბოსადგურებისთვის, მოსახლეობისთვის. ჩვენ დავადგინეთ ერთიანი ტარიფი, რადგან ეს არის სწორი პრაქტიკა. ძირითად ტარიფთან შედარებით, რაც სექტორში მოქმედებდა - 1.383 თეთრი, მასთან შედარებით დაახლოებით, 0.5 თეთრით გაიზარდა ტრანსპორტირების ტარიფი", - განაცხადა მილორავამ.
მისივე განმარტებით, ტრანსპორტირების ტარიფი სამომხმარებლო ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტია.
„სამომხმარებლო ტარიფში სამი კომპონენტია თუ დღგ-ს არ ჩავთვლით. მისი წილი სამომხმარებლო ტარიფში დაახლოებით 5%-ის ფარგლებშია", - განაცხადა მილორავამ და დასძინა, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები ხვალ დადგინდება.
სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, გაზის ტრანსპორტირების ტარიფს სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა, ბუნებრივია, ექნება, თუმცა საბოლოო შედეგს დანარჩენი კომპონენტების განხილვის შემდეგ დავინახავთ.
„როგორც ელექტროენერგეტიკაში ხდება, შესაძლებელია ერთი კომპონენტი იზრდებოდეს, მაგრამ მეორე მცირდებოდეს. რადგან 3 კომპონენტზე გვაქვს საუბარი, შეუძლებელია დღეს იმის პროგნოზირება, ხვალ რა მოხდება, თუ არ დავინახავთ სამივე კომპონენტის საბოლოო შედეგს", - განაცხადა მილორავამ.
სემეკმა ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაადგინა.
სემეკის გადაწყვეტილებით, თბოელექტროსადგურებისთვის, ,,ყაზბეგი გაზისთვის", „დუშეთი გაზისთვის" და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ახალი ერთიანი ტარიფი დადგინდა და 1 კუბურ მეტრზე - 1.884 თეთრი იქნება (დღგ-ის გარეშე). აღნიშნული ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.