ფოთის ინდუსტრიული ზონის დირექტორი ირანული კომპანიების ქვეყნიდან გასვლას საგანგაშოდ არ მიიჩნევს

როგორც BPN-თან საუბრისას, ფოთის ინდუსტირული ზონის კომერციულმა დირექტორმა, სოსო ნიბლაძემ აღნიშნა, ირანული კომპანიების წასვლის მიზეზი, საერთაშორისო სანქციები გახდა.

სოსო ნიბლაძის თქმით, დასავლეთის მიერ ირანული კომპანიებისთვის სანქციების დაკისრების გამო, 90-მდე კომპანიამ ფოთი დატოვა.

"მათ აეკრძალათ საბანკო ტრანზაქციების განხორციელება და, ფაქტობრივად, უფუნქციოდ დარჩნენ. ამის გამო, ლოგიკურია, ზონა დატოვეს", - აცხადებს ფოთის ინდუსტრიული ზონის კომერიცული დირექტორი.

სოსო ნიბლაძემ აღნიშნა, რომ რომ კომპანიების წასვლაში საგანგაშო არაფერია.

"ვაგრძელებთ ფოთში ინფრასტრუქტურის განვითარებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ინდოეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, თურქეთის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების კომპანიებთან. იგეგმება სხვადასხვა ფორუმისა და ბიზნეს-კონფერენციის ჩატარებაც", - განმარტა სოსო ნიბლაძემ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის თებერვალში რიგი ირანული კომპანიებისა და კერძო პირების საქმიანობაზე შეზღუდვები დააწესა. ”შავ სიაში” საქართველოში მოქმედი სამი მეწარმე და მათ მიერ კონტროლირებადი რვა კომპანია მოხვდა. ჰუშანგ ფარსუდენი, ჰუშანგ ჰოსეინპური და ნაიები ფურია საქართველოში აწ უკვე გაკოტრებულ ავია კომპანია ”ფლაი ჯორჯიას” მფლობელები იყვნენ. მათი კომპანიებია CAUCASUS ENERGY (ან CAUCASUS ENERGY OF GEORGIA), GBD (GEORGIAN BUSINESS DEVELOPMENT, GREAT BUSINESS DEALS (ეს ორი უკანასკნელი თბილისშია წარმოდგენილი და რეგისტრირებულია როგორც ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ისე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში), აგრეთვე NEW YORK MONEY EXCHANGE (იგივე NYME) რეგისტრირებული დუბაიში, აბუ დაბიში, თბილისში, რუსეთაველის გამზირზე #20-ში, ასევე თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში.

”კომპანიები და კერძო პირები, რომელთა წინააღმდეგ სანქციები დავაწესეთ, ირანის ბირთვული პროგრამის დახმარებაში საკვანძო როლს თამაშობენ ”, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, დევიდ კოენმა.