ტარიფის ცვლილება რომ არ მომხდარიყო, "გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ვერ შეძლებდა თავისი საოპერატორო ფუნქციების განხორციელებას , - ამის შესახებ „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი პაპავამ სემეკის სხდომაზე განაცხადა, სადაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გაზის ტრანსპორტირების ტარიფები დაადგინა.
„მინდა გამოვეხმაურო შედეგს. ჩვენი მხრიდან მოლოდინი იყო მეტი, რადგან ამოღებულ იქნა გარკვეული ხარჯები, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, თუმცა არსებული ტარიფის მიხედვით კომპანიამ უნდა გადახედოს საკუთარ ბიზნესგეგმას. ამის მიხედვით მოხდება ვალდებულებების შესრულებაზე ზრუნვა რიგითობის მიხედვით", - განაცხადა პაპავამ.
მისივე თქმით, ტარიფის ცვლილება რომ არ მომხადარიყო კომპანია ვერ შეძლებდა ამ სამუშაოების და თავისი საოპერატორო ფუნქციების განხორციელებას.
მისივე განცხადებით, აღნიშნული ტარიფის შესაბამისად განისაზღვრება კომპანიის სამომავლო გეგმები. სემეკმა ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაადგინა.
სემეკის გადაწყვეტილებით, თბოელექტროსადგურებისთვის, "ყაზბეგი გაზისთვის", "დუშეთი გაზისთვის" და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ახალი ერთიანი ტარიფი დადგინდა და 1 კუბურ მეტრზე - 1.884 თეთრი იქნება (დღგ-ის გარეშე). აღნიშნული ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ, 0.5 თეთრით გაიზარდა.