კახა კალაძე რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზის მძღოლების აქციებს მართულ პროცესად მიიჩნევს

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა საპროტესტო გამოსვლები მართული პროცესია.

"გაუგებარია ის განცხადებები, რომლებიც გუშინ მოვისმინეთ. მე ამ ადამიანებთან ორჯერ მქონდა შეხვედრა - პირველად, ქალაქ რუსთავში, როცა ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვიმყოფებოდი და მათი თხოვნის საფუძველზე ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას შევახვედრე, თუმცა, როგორც მაცნობეს, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მეორედ კი - ენერგეტიკის სამინისტროში შევხვდი. მე ადამიანურად ვეცადე დავხმარებოდი მათ. გუშინ კი რუსთავის მერის, დავით ჯიქიას განცხადება მოვისმინე და ჩემთვის ყველაფერი გასაგები გახდა - ესაა მართული პროცესი და ამ დადგმულ შოუში ჩარევას ნამდვილად არ ვაპირებ", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზის მძღოლები ტენდერის შედეგებს აპროტესტებენ. ისინი მოითხოვენ, რომ გაუქმდეს მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები, რადგან კონკურსის შედეგად გამარჯვებული კომპანია მგზავრებს საკუთარი სამარშრუტო ტაქსებით უნდა მოემსახუროს. მძღოლები გამარჯვებულ კომპანია "ინტერტრანსს" კახა კალაძეს სახელს უკავშირებენ.

მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მძღოლები შიშმშილობის დაწყებას გეგმავენ.