ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) და საქპატენტის მიერ ბათუმში დაგეგმილი კონფერენციის გამო ჩარჩო კონვენციის ალიანსმა (მსოფლიოში თამბაქოს მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციების ალიანსი ) ისმო-ს სპეციალური განცხადებით მიმართა.
განცხადებას „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„2017 წლის 20-21 ივლისს, ბათუმში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) კონფერენციაზე, სახელწოდებით, “საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“, მოხსენების გასაკეთებლად მიწვეულია თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები. კონფერენციის მესამე სესია არის პანელური დისკუსია სახელწოდებით „სადა შეფუთვა - ბოლო ცვლილებები ქართულ კანონმდებლობაში, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე მოქმედი ფაქტორები“. ღონისძიების დღის წესრიგით, სესიის მეორე წამყვანი მომხსენებელი თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელი იქნება.
შეუსაბამოა, რომ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა (ფილიპ მორისი, იაპონური თამბაქოს კომპანია) მონაწილეობა მიიღონ საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებულ დისკუსიაში, განსაკუთრებით ნებისმიერ იმ ასპექტზე ან ელემენტზე, რომელიც თამბაქოს კონტროლს ეხება. ხელისუფლების ოფიციალური პირები და ისმო-ს წარმომადგენლები პლატფორმას თამბაქოს ინდუსტრიის რომელიმე წარმომადგენელთან არ უნდა იზიარებდნენ.
საქართველოს ახალი კანონით, თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის პრაქტიკა საქართველოში 2018 წლის 1 იანვარს უნდა დაინერგოს და დეტალური მარეგულირებელი მოთხოვნების შესახებ დადგენილება 2017 წლის 1 ივლისს უნდა მიეღოთ. შესაბამისად, ეს დადგენილება ჯერაც დასამტკიცებელია და საქართველოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი შეშფოთებულია იმით, რომ თამბაქოს ინდუსტრია უაყოფით ზეგავლენას ახდენს პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ პროცესებზე.
ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც სადა შეფუთვა დანერგეს, თამბაქოს ინდუსტრია საქართველოშიც ახორციელებს მიზანმიმართულ და აგრესიულ კამპანიას, რათა კანონი არ აღსრულდეს ან გადაიდოს.
1990-ანი წლებიდან მოყოლებული, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სადა შეფუთვის პოლიტიკის შემუშავებას აპირებდნენ, თამბაქოს ინდუსტრია დაუსაბუთებელ არგუმენტებს ავრცელებდა. მათ შორის, თურმე სადა შეფუთვის პოლიტიკა არღვევს საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და ზრდის თამბაქოთი უკანონო ვაჭრობას, რისი საფუძველი და მტკიცებულებები არ არსებობს.
ჩვენი მოსაზრებით, ამ კონფერენციის კონტექსტში თამბაქოს სადა შეფუთვის შედეგების თუნდაც პანელური განხილვა შეუსაბამოა, თუ მიზნად არ ისახავს საქართველოს სამთავრობო და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირების გათვითცნობიერებას იმაში, რომ პოლიტიკა არ მოახდენს გავლენას ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელის მომხსენებლად მიწვევა კი ამის საწინააღმდეგო განზრახვაზე მიუთითებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლის მიხედვით, მთავრობებმა უნდა დაიცვან „თამბაქოს კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკა“ „თამბაქოს ინდუსტრიის კომერციული და სხვა კერძო ინტერესებისგან“. 5.3 მუხლის გზამკვლევის პირველი პუნქტის მიხედვით, რომელიც ერთხმად მიიღეს 2008 წელს: „არსებობს ფუნდამენტური და შეუთანხმებელი წინააღმდეგობა თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის ინტე რესებს შორის“.
2011 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, სცნო „თამბაქოს ინდუსტრიისა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას შორის ინტერესების ფუნდამენტური კონფლიქტი“ (A/RES/66/2, მაღალი დონის შეხვედრა ქრონიკული დაავადებების თავიდან არიდებასთან დაკავშირებით).
თქვენთვის ცნობილი იქნება, რომ ამჟამად არსებობს თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის თავიდან ასარიდებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოლიტიკის მოდელი, რომელიც დაფუძნებულია 5.3 მუხლში მითითებულ ჩარჩო პოლიტიკაზე, _ თამბაქოს ინდუსტრიის კომერციული და სხვა კერძო ინტერესებისგან დაცვის ძალისხმევა იყოს ყოვლისმომცველი, ეფექტური და გაეროს სისტემასთან, მათ შორის მის სააგენტოებთან და დაკავშირებულ ორგანიზაციებთან შესაბამისობაში.
პოლიტიკის მოდელში აღნიშნულია: „თამბაქოს ინდუსტრიასთან ერთად საქმიანობა ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების სისტემის მიზნებს, ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებს. გაერთიანებული ერების სისტემამ უნდა მიიღოს ზომები თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის შესაზღუდად“.
გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 2017 წლის 7 ივნისის რეზოლუცია წევრებს მოუწოდებს გაეროს სისტემის და მისი სააგენტოების მოდელური პოლიტიკის გათვალისწინებით, შეიმუშაონ და დანერგონ თავისი პოლიტიკა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის თავიდან ასაცილებლად.
მოვუწოდებთ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას:
1. გადადგას ნაბიჯები, რომ თამბაქოს ინდუსტრიის არცერთი წარმომადგენელი არ წარსდეგს მოხსენებით ან არ დაესწროს კონფერენციას საქართველოში;
2. გაითვალისწინოს კონფერენციაზე სადა შეფუთვასთან დაკავშირებით გამართული დისკუსიის განზრახვა და უზრუნველყოს, რომ შეხვედრა არ გახდეს პლატფორმა სადა შეფუთვასთან დაკავშირებით თამბაქოს ინდუსტრიის არგუმენტების გასავრცელებლად;
3. შეფერხების გარეშე მიიღოს თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის პრევენციის პოლიტიკის მოდელი გაეროს სააგენტოებისათვის და უზრუნველყოს ეფექტური დანერგვა მის სტრუქტურებსა და პროცედურებში.
მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ თქვენ, გაეროს ნებისმიერ ორგანოს ან სააგენტოს, ვაჭრობასა და განვითარებაზე გაეროს კონფერენციის შიდა პოლიტიკის, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლისა და მისი გზამკვლევების მიხედვით განახლებისათვის. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენგან მხარდაჭერის საჭიროების შემთხვევაში.“ _ ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს ჩარჩო კონვენციის ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი, ფრანცის ტომპსონი.