ფინანსური გადაანგარიშების შემდეგ, ჩემთვის უკვე ცნობილი იქნება, სახელმწიფოს წინაშე არსებულ დავალიანებას რა დროის განმავლობაში გადავიხდი , - ამის შესახებ ,,ყაზტრანსგაზ თბილისის" სპეციალურმა მმართველმა მამუკა კობახიძემ სემეკის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელზეც ,,ყაზტრანსგაზ თბილისის" 2017-2018 წლების ტარიფის დადგენა მოხდა.
,,ჩვენ წარვადგინეთ აუდიტორული დასკვნები კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების წლების მიხედვით, შესაბამისად, მოხდა გარკვეული რაოდენობის ხარჯების გათვალისწინება, გარკვეული რაოდენობის ხარჯები არ იქნა გათვალისწინებული, თუმცა ახალი მიდგომაა ის, რომ ვინაიდან კომპანია დღეს ახორციელებს როგორც კომერციული, ისე სოციალური კუთხით აბონენტების მომსახურებას, გარკვეული ხარჯები იქნა გათვალისწინებული კომერციული კუთხით, რაღაც ხარჯები - სოციალური სეგმენტის კუთხით და რაღაც ხარჯები გაიყო სხვადასხვა პროცენტული რაოდენობით, ეს ჩვენთვის სიახლეა, რომელიც დამუშავებას საჭიროებს", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, სემეკის მიერ დღეს დადგენილი ახალი ტარიფის შესაბამისად, ხარჯების გაყოფის შემდეგ კომპანია გადახედავს საკუთარ ფინანსურ მაჩვენებლებს, თუ რა გავლენა ექნება ამას კომპანიაზე.
,,კომპანია დღეს იმყოფება სპეციალური მმართვის რეჟიმში. მე არ ვარ გენერალური დირექტორი, შესაბამისად, ამ ტარიფის ფორმირების დროს არ იქნა გათვალისწინებული ის დავალიანება, რომელიც გააჩნია კომპანიას სახელმწიფოს წინაშე, რადგან ეს დავალიანება წარმოშობილია გაზის ნასყიდობის დავალიანების კუთხით. შესაბამისად, ჩემი უფლება-მოვალეობები შემოიფარგლება ვალების მომსახურების ნაწილში. აქედან გამომდინარე, ფინანსური გადაანგარიშების შემდეგ, ჩემთვის უკვე ცნობილი იქნება, სახელმწიფოს წინაშე არსებულ დავალიანებას გადავიხდი 3 წლის განმავლობაში, თუ რა დრო დამჭირდება", - განაცხადა მამუკა კობახიძემ.