თუ ენერგეტიკის სამინისტრო გააუქმებს დერეგულირების ბრძანებას, ყველა მომხმარებლისთვის, მიუხედავად იმისა, როდის მიუერთდნენ ისინი ქსელს, გაზის ტარიფი ერთიანი იქნება , - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც ,,სოკარ ჯორჯია გაზს" და ,,საქორგაზს" 2017-2018 წლების ტარიფები დაუდგინდა.
სემეკის გადაწყვეტილებით,“სოკარ ჯორჯია გაზის" ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 56.940 თეთრი იქნება (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო ,,საქორგაზისთვის" 1 კუბურ მეტრზე - 57.011 თეთრი (დღგ-ს ჩათვლით). ირინა მილორავას განმარტებით, ახალი ტარიფები ეხება იმ აბონენტებს, რომლებიც გაზგამანაწილებელ ქსელს 2007 წლამდე მიუერთდნენ. შესაბამისად, ეს ეხება ,,სოკარ ჯორჯია გაზისა" და ,,საქორგაზის" აბონენტების 47%-ს.
რაც შეეხება აბონენტების დანარჩენ 53%- ს, ისინი ენეგეტიკის მინისტრის ბრძანებით შესაბამისად დერეგულირებულ სეგმენტს განეკუთვნებიან და მათზე დღეს სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები არ ვრცელდება.
„რეგიონებში დღემდე მოქმედებდა ძალიან ბევრი ტარიფი. ორივე კომპანია წარმოადგენს რეგიონული კომპანიების ბაზაზე შექმნილ კომპანიებს, ნაწილი მცირე ლიცენზიანტებისა შევიდნენ ამ კომპანიებში და შესაბამისად, ტარიფების რაოდენობა იყო ძალიან ბევრი. გარდა ამისა, ამ ორივე არეალში მოქმედებს და ორივე კომპანია იყენებდა ე.წ. დერეგულირების ბრძანებით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას შეუძლია თავად განსაზღვროს ტარიფი", - განაცხადა მილორავამ.
მისივე თქმით, ახლადდადგენილი ტარიფებით რეგულირებულ მოსახლეობას გაეზარდა გაზის მოხმარების ტარიფი, ოღონდ გაზაერდათ განსახვავებულად.
,,რაც შეეხებათ დერეგულირებულ მოსახლეობას, მათთვის ძირითადად ტარიფი იყო განსაზღვრული 55 თეთრის დონეზე დღგ-ს ჩათვლით, თუმცა ბოლო რეალობა გაქვს ისეთი, რომ ზოგიერთ არეალში ტარიფი 63 თეთრამდე გაიზარდა. ამ გადაწყვეტილების პლუსი არის ის, რომ ორივე კომპანიის არეალში რეგულირებაში მოქცეული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი გათანაბრდა. მას შემდეგ თუ ენერგეტიკის სამინისტრო გააუქმებს დერეგულირების ბრძანებას, ანალოგიურად ყველა მომხმარებლისთვის, მიუხედავად იმისა, როდის მიუერთდნენ ისინი ქსელს, ტარიფი ერთიანი იქნება", - განაცხადა მილორავამ.