"პალიტრა მედიაში" გაგზავნილი რეზიუმების საფუძველზე, წლის განმავლობაში 100-მდე ადამიანი დასაქმდა

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" სტუდენტთა დასაქმების ფორუმი 2014" მიმდინარეობს. მასში 17 უნივერსიტეტი და 35 ორგანიზაცია მონაწილეობს.

დასაქმების სააგენტო HR-ის კომერციული დირექტორის, ეთერ ლეშჩინსკაიას ინფორმაციით, ფორუმში წარმოდგენილი არიან კომპანიები, რომლებსაც აქვთ ვაკანსიები სტუდენტების დასასაქმებლად სატელეკომუნიკაციო, საფინანსო, სადაზღვევო და სხვა სფეროებში. ფორუმში ასევე მონაწილეობენ უცხოური კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც უცხოური პროდუქციის დისტრიბუციას აწარმოებენ საქართველოში.

სტუდენტურ ფორუმში მე-3, მე-4 კურსის სტუდენტები, მაგისტრანტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობენ. ლეშჩინსკაიას განმარტებით, კომპანიების გადასაწყვეტია, თუ რომელ სტუდენტს აირჩევენ კომპანიაში სამუშაოდ.

ფორუმზე, 35 ორგანიზაციას შორის წარმოდგენილია "პალიტრა მედიაც". როგორც კომპანიის პერსონალის შერჩევის მენეჯერი, თეა მორბედაძე აცხადებს, "პალიტრა მედიას" ფორუმზე წარდგენილი აქვს 5 ვაკანსია, თუმცა სტუდენტების მეტი რაოდენობით დასაქმებაც შეუძლია.

"პალიტრა მედია" დასაქმების ფორუმზე მეორე წელია, აქტიურ მონაწილეობას იღებს და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი დამსაქმებელია. ფორუმში მონაწილეობს ასევე პალიტრა მედიის შვილობილი კომპანია "ბიბლუსი", - აღნიშნა თეა მორბედაძემ.

მისი თქმით, გასულ წელს "პალიტრა მედიაში" გადაგზავნილი რეზიუმების საფუძველზე, წლის განმავლობაში 100-მდე ადამიანი დაასაქმდა, მათ შორის სტუდენტებიც.