ეს იქნება ქალაქის კონსტიტუციური დოკუმენტი, რომელიც ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებას განსაზღვრავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს საკრებულოში, გენერალური გეგმის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.
დავით ნარმანიამ თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქალაქის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯები მაინც ფრაგმენტულ გადაწყვეტილებებზე იყო დაფუძნებული.
„ის სიახლეები, რაც არის შემოთავაზებული გენერალური გეგმით, არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საცხოვრებელი გარემო ჩვენს ქალაქში კიდევ უფრო უკეთესი იყოს. მიუხედავად არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯისა, რომელსაც ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში ვდგამდით ქალაქის სასიკეთოდ, ეს მაინც ფრაგმენტულ გადაწყვეტილებებზე იყო დაფუძნებული. მას შემდეგ, რაც ქალაქს განაშენიანების ახალი გეგმა ექნება, ეს ყველაფერი ერთიან ჩარჩოში იქნება. ეს იქნება ქალაქის კონსტიტუციური დოკუმენტი, ასე შეიძლება ამას ვუწოდოთ, რომელიც ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებას განსაზღვრავს. ამიტომაც, გენერალურ გეგმაში ქალაქის კომპაქტურობასთან დაკავშირებული სიახლეები, ყოფილი საწარმოო ტერიტორიების განვითარება, მდინარეების გახსნა, რეკრეაციული სივრცეების კიდევ უფრო მეტად განვითარება, არის ის მნიშვნელოვანი სიახლეები, რაც სხვა საკითხებთან ერთად არის შემოთვაზებული ქალაქის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის მიერ, რუკებისა და თემატური მასალის გარდა, წარმოდგენილია ასევე კონკრეტული პროექტები იმ სამართლებრივი დოკუმენტების, რომელმაც გენერალური გეგმის პრაქტიკაში ასახვა უნდა ჰპოვოს. ნარმანიას თქმით, თბილისის გენერალური გეგმა საჯარო განხილვების შემდეგ საკრებულოს დასამტკიცებლად სექტემბერში დაუბრუნდება.