თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ბუთხუზის თქმით, ქართული ჯარის იმპორტირებული ხორცით მომარაგების მიზეზი, ჯარის კვებითი პროცესის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა იყო.
მისივე თქმით, ჯარისთვის იმპორტირებული ხორცის მიწოდებას მანამდე არსებული ნორმებიც არ გამორიცხავდა.
„ვალდებულება, რომ ჯარი საქართველოში წარმოებული ხორცით უნდა მომარაგებულიყო, ასეთი რამ არსად ეწერა. თავდაცვის სამინისტროს ხორცით ის კომპანიები ამარაგებდნენ, რომლებსაც პროდუქტი სასაკლაოებიდან შემოჰქონდათ. სასაკლაოების საქართველოში მდებარეობა კი არ ნიშნავს, რომ მისი გავლით შემოსული ხორცი აუცილებლად ქართულია. მომწოდებლებს შეეძლოთ შემოეტანათ ხორცი ან შემოეყვანათ ცოცხალი საქონელი, სასაკლაოზე დაემუშავებინათ და შემდეგ მიეწოდებინათ სამინისტროსთვის.
გარდა ამისა, 2016 წელს ბაზარზე ხორცის დეფიციტი შეიქმნა და ამის შესახებ მომწოდებელმა კომპანიებმა ოფიციალური წერილით მოგვმართეს. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი რისკები რომ გამოგვერიცხა და ჯარის კვებითი პროცესი არ დარღვეულიყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, ტენდერში მონაწილეობის უფლება იმ კომპანიებსაც ჰქონოდათ, რომლებიც არ არიან ვალდებული ხორცი აუცილებლად საქართველოში არსებული სასაკლაოდან არ შემოიტანონ,“-აღნიშნა ბუთხუზმა.
მიმდინარე თვეში აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო დანაყოფების საქონლის ხორცით მომარაგების ტენდერში შპს „უხვმა“ გაიმარჯვა. კომპანია ჯარის მომარაგებას უკრაინიდან იმპორტირებული ხორცით აპირებს. ტენდერის ღირებულება 1 640 000 ლარი იყო. ამ ეტაპზე კი გასაფორმებელი ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.