პირველი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია.
როგორც ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრის მსვლელობისას მოხსენებას გააკეთებს და თავის აზერბაჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად საბაჟო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამმხრივი შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გადაზიდვების თაობაზე საბაჟო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის დასასრულს, მინისტრები ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას საბაჟო სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.