”უკანონო შემოსავლების აღკვეთის” კანონის გამო დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

”უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის” შესახებ კანონპროეტის განხილვამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატთა შორის დაპირისპირება გამოიწვია.

საქმე ეხება ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, რომელიც საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ეროვნულ ბანკს გამოეყოფა და პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავა.

როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული ცვლილება საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, ქვეყანაში განხორციელებულ ყველა ტრანზაქციაზე ტოტალური კონტროლი დაამყაროს.

”ფინანსური მონიტორინგის გადატანა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში ნიშნავს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას შეუძლია, რომ თითოეული მოქალაქის, ბიზნესორგანიზაციის ანგარიში გააკონტროლოს, ვინ ვის რა თანხა გადაურიცხა და ამისთვის აღარ დასჭირდება სასამართლო გადაწყვეტილების მიღება”, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ამ ტიპის ინფორმაციით, განსაკუთრებულად ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხლაძეა დაინტერესებული.

”ფარცხალაძეს, რომელსაც, ფაქტობრივად, დაქვემდებარებული ჰყავს პროკურატურა, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო უწყება, ახლა გინდათ, ფინანსური მონტორინგის სამსახურის მეშვეობით სრული წვდომა ჰქონდეს, თუ რა გადარიცხვები კეთდება ქვეყანაში”, - ამტკიცებდა დეპუტატი.

პარლამენტარის თქმით, ოპოზიციის გარდა, კანონპროექტს ეწინააღმდეგება ბიზნეს-სექტორი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ”ნეგატიური დასკვნა დაწერეს კანონპროექტზე”.

დეპუტატი ეჭვით უყურებს საკანონმდებლო ცვლილების ავტორის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფროშვილის განცხადებას, რომ ცვლილება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება. 

”ევროკავშირის ქვეყნებში, იტალიასა და ესპანეთში, ეს სამსახური ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაშია”, - აცხადებს ვაშაძე.

თავის მხრივ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ დასძინა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური ვერ იქნება დამოუკიდებელი, რადგან პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოხვედრისას ავტომატურად გადავა საბიუჯეტო დაფინანსებაზე. შესაბამისად, უწყება ფინანსურ დამოუკიდებლობას დაკარგავს.

”ბატონი დავითი პარლამენტის მოწვევის დღიდან დაკავებულია ეროვნული ბანკის გამოშიგვნით - სხვადასხვა ფუნქციების ჩამორთმევით. ეროვნულ ბანკს უკვე გამოეყო ფასიან ქაღალდებზე, საინვესტიცო ფონდებსა და სადაზღვევო საქმიანობაზე ზედამხედველობები. ამ საკითხზე უმცირესობა პრეტენზიას არ გამოთქვამს. მე თვითონ მიზეზი არაერთხელ ვიკითხე, თუმცა, პასუხი ვერ მივიღე. ეს კი სერიოზული ამბავია, რადგან დაანგრევს საფინანსო ინსტიტუტების სისტემაზე ზედამხედველობის არქიტექტურას”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, კანონპროექტის ეფექტურობა დაუსაბუთებელია და მისი მიზანია ”ერთ რუს ოლიგარქს” საქართველოს მოქალაქეების ფინანსურ გადარიცხვებზე სრული ინფორმაცია ჰქონდეს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემებს წარმოშობს.

ჯაფარიძემ მოითხოვა, კანონპროექტი რეკომენდაციებისთვის ევროსაბჭოს ყველაზე ავტორიტეტულ სტრუქტურას, მანივალის გადაეგზავნოს, რომლის რეკომენდაციის საფუძველზე თავის დროზე ფინანსური მონიტორინგის სამსახური შეიქმნა.

”თუ ევროსაბჭო გვეტყვის, რომ ფინანსური მონიტორინგი ასე უკეთესად იმუშავებს, მაშინ ხმას არ ამოვიღებთ. მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილება შეამცირებს საფინანსო სისტემის სანდოობას და საინვესტიციო მიმზიდველობას”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება პროექტის ავტორს, ონოფრიშვილმა ოპოზიციის განცხადებებს ”ნაციონალური დემაგოგია” უწოდა.

”თქვენ მოსახლეობა შეცდომაში შეგყავთ. ახლაც, ცვლილებების გარეშე, მონიტორინგის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს. ჩვენ კანონი ევროკავშირთან შესაბამისობაში მოგვყავს. ეროვნულ ბანკს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მხოლოდ იტალიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ექვემდებარება”, - აღნიშნა ონოფრიშვილმა.

მისი თქმით, უწყება აღნიშნული ფორმით ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა ჩამოაყალიბა, რომელიც ”ნეიტრალური სამსახური არ ყოფილა” და იქ დღესაც მუშაობენ პროკურატურისგან დანიშნული კადრები.

”თქვენს აშენებულ დემოკრატიას ვხედავთ. თქვენ ეროვნული ბანკი, საერთოდ აპოლიტიკური ორგანიზაცია, აუდიტის სამსახური ჩართეთ სწორედ პოლიტიკის ბრძოლის ინსტრუმენტად, ”ქართუ ბანკის” გაკოტრება და ჩვენი მხარდამჭერების ქონების წართმევა დაიწყეთ. ჩვენ სხვანაირ ქვეყანას ვაშენებთ. ეს არის ევროპული გზა, ასე ხდება ევრიკავშირის 99% ქვეყანაში, არავის ანგარიში არ მოხვდება ინტერესის არეალში, თუ ფულის გათეთრებას და ტერორიზმს არ ემსახურება”, - განაცხადა ონოფრიშვილმა.