ლევან დავითაშვილი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქართული სუნელები საიმედო და სანდოა

სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ქართული სუნელების საიმედოობასთან დაკავშირებული საკითხი ბოლომდე შესწავლილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ქართულ პროდუქციაში მძიმე მეტალების რაოდენობა არის დასაშვებ ნორმებში, შესაბამისად, ქართული პროდუქტი საიმედო და სანდოა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქართულ სუნელებში ტყვიის მომატებულ რაოდენობასთან დაკავშირებით ნიუ-იორკში გავრცელებულ ინფორმაციას.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ნიუ-იორკის ფედერალურ სააგენტოებს ოფიციალური შეტყობინება საქართველოსთვის არ გაუგზავნია და არც ამერიკის საბაჟო უწყებები კრძალავენ ქართულ სუნელებს.

„არსებობდა ინფორმაცია ტყვიის შემცველობის მომატებულ რაოდენობაზე. ის გამოქვეყნდა ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე და ეს არ იყო არც ერთი ფედერალური სააგენტოს ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მიმართ. არც ერთ ფედერალურ უწყებას ამერიკის შეერთებულ შტატებში არ დაუწესებია შეზღუდვა არც ერთ ქართულ სასურსათო პროდუქტზე, მათ შორის იგივე სუნელებზე. ამერიკის საბაჟო უწყებები, სურსათის კონტროლის ძირითადი უწყებები, ის უწყებები, რომლებიც ჩვენთან ძალიან კარგ კომუნიკაციაში არიან, არ კრძალავენ ქართულ პროდუქციას. შესაბამისად, ერთეული ფაქტები, რომელიც დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით შესწავლას იმისთვის, რომ დავადგინოთ, რა იყო პრობლემის მიზეზი. ჩვენ პროაქტიულად ვმუშაობთ, რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ მათ შორის, ჩვენი დიპლომატიური არხების მეშვეობით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.