რელიეფის გათვალისწინებით სახნავი მიწა 600 000 ჰექტარზე ოდნავ მეტი გვაქვს - „საქსტატის“ აღწერით კი, 643 000 დარეგისტრირებული მეურნეობა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ რესურსები შეზღუდულია , - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიწების გასხვისების შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხს.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ქართული მიწა იყოს საიმედო ხელში, რისთვისაც საკონსტიტუციო ჩანაწერით მოხდება მიღებული გადაწყვეტილების გამყარება.
„ვიცით, რომ საქართველო არის მცირემიწიანი ქვეყანა. სასოფლო სამეურნეო მიწის რესურსები არის მნიშვნელოვნად შეზღუდული. რელიეფის გათვალისწინებით სახნავი მიწა 600 000 ჰექტარზე ოდნავ მეტი გვაქვს, ხოლო „საქსტატის აღწერით“ 643 000 დარეგისტრირებული მეურნეობა გვაქვს ანუ რესურსები შეზღუდულია. შესაბამისად, ამ რესურსების მართვა უნდა იყოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. ეს ესმის, როგორც საქართველოს მთავრობას, ისე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის გასხვისების შეჩერების შესახებ. შემდგომში ჩვენ გვინდა, რომ საკანონმდებლო საფუძველი იყოს მყარი იმისთვის, რომ ქართული მიწა იყოს საიმედო ხელში. ამიტომ, მოხდება საკონსტიტუციო ჩანაწერით ასეთი გადაწყვეტილების გამყარება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება მიწების გასხვისების შეჩერების საკითხზე საინვესტიციო საბჭოს კრიტიკულ პოზიციას, როგორც ლევან დავითაშვილმა განმარტა, მას შემდეგ, რაც მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, გაგებით მოეკიდნენ მთავრობის გადაწყვეტილებას.
„საინვესტიციო საბჭოს წევრების აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით მოეკიდა მთავრობის გადაწყვეტილებას, როცა მათ მიიღეს მეტი ინფორმაცია ჩვენის მხრიდან. იყო ტექნიკური კითხვები. ვფიქრობ, შევჯერჯებით და არ იქნება პრობლემები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.