ლევან დავითაშვილი - ისეთი პროგნოზია, რომ წელს ღვინის გაყიდვების სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდება

მიმდინარე წლის 18 ივლისის მდგომარეობით, მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 35.3 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 57%-ით მეტია.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, „პროგნოზი ისეთია, რომ წელს ღვინის გაყიდვების სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდება“.

„ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდიდან ყველაზე მეტი გაყიდვა, 2014 წელს დაფიქსირდა და დაახლოებით, 60 მილიონ ბოთლამდე იყო. ჩვენი პროგნოზით, ამ მონაცემებს წლევანდელი შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება და ვფიქრობთ, 70 მილიონ ბოთლს მიუახლოვდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციით მიღებულ სარგოზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ექსპორტის საერთო ჯამი 122 მილიონი დოლარია, უშუალოდ ღვინის ექსპორტი კი, 70,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობაა.