თხილი არის უმნიშვნელოვანესი საექსპორტო პროდუქტი საქართველოდან და წლიდან წლამდე ჩვენ ვქმნით ქართული თხილის ინდუსტრიას , - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლევან დავითაშვილმა თხილის ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და მავნებელ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხზეც ისაუბრა.
„ქართული თხილი ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელია. აგროსასურსათო სექტორში ის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თხილის ინდუსტრია ვითარდება და რა თქმა უნდა, გამოწვევები და სირთულეებიც არის. სირთულეები დაკავშირებულია ფიტოსანიტარულ რისკებთან, კლიმატთან, მავნებელ აზიურ ფაროსანასთან, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა ყველა ძირითადი თხილის მწარმოებელი ქვეყნისთვის - თურქეთისთვის, იტალიისთვის და სხვა. ეს არის მავნებელი, რომელსაც ვერ უმკლავდება ბევრი მოწინავე ქვეყანა. საქართველომ ძალიან სწრაფად შეიმუშავა სახელმწიფო პროგრამა და 50 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა ქიმიურად. კონტროლში მოექცა მავნებელი და არა მხოლოდ წლევანდელი თხილის მოსავალი გადარჩა, არამედ მოგვცა საშუალება ფაროსანას გავრცელება შეგვეჩერებინა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თხილის ინდუსტრიის კუთხით, საქართველო მსოფლიოში რიგით მეოთხე ექსპორტიორი ქვეყანაა.
„სულ მცირე ხანში გატარებული ღონისძიებების შედეგად მიღებულია თხილის ტექნიკური რეგლამენტი, ბოლო 2 წლის განმავლობაში გაშენდა ახალი ბაღები: 531 ჰექტარზე სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში. წარმოებაში აქტიურად ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ექსპორტზე გასატანი პროდუქცია სტანდარტის შესაბამის კონტროლს გადის. დარგის სწორი განვითარების ხელშეწყობისთვის, შეიქმნა თხილის საკოორდინაციო საბჭო, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია დარგის წარმომადგენლებთან და ფერმერებთან“, - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.