დიმიტრი ქუმსიშვილი: პორტთან დაკავშირებით მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც არც ერთ მხარეს არ დააზარალებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, დიმიტრი ქუმსიშვილი ფოთის პორტში არსებული ტერმინალების თანამშრომლებს შეხვდა.

როგორც აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, მთავრობა საკითხს დეტალურად შეისწავლის და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც არც ერთ მხარეს არ დააზარალებს.

"ვფიქრობთ, რომ კომპრომისული გამოსავალი ნამდვილად არსებობს იმისთვის, რომ თავად პორტმაც მოახერხოს თავისი საქმიანობის გაფართოვება და ამავე დროს, ტერმინალებში დასაქმებულმა ადამიანებმაც შეინარჩუნონ თავიანთი სამუშაო ადგილები," - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, ყოველი სამუშაო ადგილი ნიშნავს დაპურებულ ოჯახს და ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული დასაქმებული ადამიანის ბედი.

დღეს ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლოგისტიკური კომპანიების ათასამდე თანამშრომელმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა. მათი განცხადებით, APM ტერმინალსს, რომლის მფლობელობაში იმყოფება ფოთის პორტი, საკონტეინერო გადაზიდვები მონოპოლიზებული აქვს, რის გამოც 40-ზე მეტი კომპანიის, 5 ათასამდე ადამიანი, შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს.

კომპანიასა და აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებებში ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ჩართულები არიან ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვასილ თოდუა, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.