უბისას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, იმერეთის რეგიონში, უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ლევან სუხიტაშვილმა დაათვალიერა. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, პროექტის ფარგლებში უბისას მონასტერთან გაკეთდება: საინფორმაციო ცენტრი, ავტოსადგომი, მონასტრამდე მისასვლელი გზა და საპირფარეშო. პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარზე მეტია. გარდა ტურისტული ინფრასტრუქტურისა, მიმდინარეობს უბისის მონასტრის რესტავრაცია. პროექტის ძირითადი ბენეფიციარი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომლებსაც გაუუმჯობესდებათ სოციალური მდგომარეობა. რეგიონში ჩასულ ტურისტებს კი, შესაძლებლობა ექნებათ გაუმჯობესებულ პირობებში გაეცნონ იმერეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ისარგებლონ ძეგლების მიმდებარედ გამართული ინფრასტრუქტურით.