Check in Georgia-ს სამ მსხვილ ღონისძიებაზე - ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის და Maroon 5-ის კონცერტებზე ინტერნეტის საშუალებით მსოფლიოს 49 ქვეყანაში სულ 2 958 ბილეთი გაიყიდა , რაც ინტერნეტით გაყიდული ბილეთების მხოლოდ 5.23%-ია და შესაბამისად, პროექტის ავტორების მოსაზრება, რომ Check in Georgia უცხოელი ტურისტების ზრდას შეუწყობდა ხელს, არ გამართლდა, - ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” კვლევაშია აღნიშნული, რომლის პრეზენტაციაც საია-ს ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა და ორგანიზაციის იურისტმა სულხან სალაძემ გამართეს.
როგორც სულხან სალაძემ განაცხადა, 2016 წელს ჩატარებული სამი ღონისძიების შესახებ საია დოკუმენტაციის მიღებას კულტურის სამინისტროდან 1 წლის განმავლობაში ცდილობდა, საბოლოოდ კი, მათ სასამართლოს გზით მიიღეს ინფორმაციები.
სულხან სალაძემ 2016 წელს Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების სხვა პრობლემურ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.
"საია-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანხმად, 2016 წელს, Check in Georgia-ს სამ მსხვილ ღონისძიებაზე - ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის და Maroon 5-ს კონცერტებზე, ინტერნეტის საშუალებით სულ 56,596 ბილეთი გაიყიდა. აღნიშნული რაოდენობიდან - 2 958 ბილეთის შესყიდვა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიო 49 ქვეყნიდან მოხდა, რაც ინტერნეტით გაყიდული ბილეთების მხოლოდ 5,23%-ს შეადგენს. შესაბამისად, პროექტის ავტორების მოსაზრება, რომ Check in Georgia უცხოელი ტურისტების ზრდას შეუწყობდა ხელს, არ გამართლდა.
პროექტის სამი მსხვილი ღონისძიების ბილეთებში უცხოელი ტურისტების წილი კიდევ უფრო უმნიშვნელო ხდება, თუ 2016 წელს, Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს გარეთ გაყიდული ბილეთების რაოდენობას, ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობასთან შევადარებთ. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს, საქართველოს სულ 6,360,503 ვიზიტორი ეწვია. შესაბამისად, Check in Georgia-ს საშუალებით საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდულ ბილეთებზე, ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების მხოლოდ 0,05% მოდის.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, სამი მსხვილი ღონისძიების, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდული ბილეთების პირველ ათეულში 6 ისეთი ქვეყანა მოხვდა, რომლებიც 2016 წელს საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების ათეულში შედის. ამდენად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაყიდული ბილეთების დიდი ნაწილი ისეთ ქვეყნებზე მოდის, საიდანაც ისედაც მაღალი იყო ტურისტების ნაკადი და პროექტს პირდაპირი გავლენა არ მოუხდენია ტურისტების ახალი ნაკადის მოზიდვაზე", - აღნიშნულია საია-ს კვლევაში.