ქრთამის აღება ერთადერთი ფინანსური დანაშაულია, რომელიც 2013 წელს წინა წლებთან შედარებით გაიზარდა

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ფნინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფინანსური დარღვევის ათი ათასამდე შემთხვევა გამოავლინა.

კერძოდ, 2004 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 6 მარტამდე სულ გამოვლენილია ფინანსური ხასიათის დარღვევების 9815 შემთხვევა.

ამ ინფორმაციას სხვადასხვა სახის კორუფციული დანაშაულების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ხსენებულ პერიოდში ყველაზე მეტი დანაშაული გამოვლენილია 2005 წელს – 1863 შემთხვევა, ხოლო ყველაზე ცოტა დარღვევა დაფიქსირდა 2008 წელს – 422 შემთხვევა.

2004-2014 წლებში გამოვლენილი ფინანსური სახის დანაშაულებს შორის ყველაზე დიდი ოდენობა (2155) გამოვლენილია მითვისება ან გაფლანგვის მუხლით. რიგით მეორე გამოვლენილ დანაშაულებს შორის არის გადასახადისთვის თავის არიდება - 1709. მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტების ყველაზე დიდი მაჩვენებლები ფიქსირდება 2005-2007 წლებში.

გადასახადისთვის თავის არიდების რაოდენობრივად ყველაზე მეტი, 452 შემთხვევა 2010 წელს გამოვლინდა, მას შემდეგ შეინიშნება კლებადი ტენდენცია. 2013 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 103 შემთხვევამდე შემცირდა.

სტატისტიკის მიხედვით, ფინანსური ხასიათის დანაშაულებს შორის ერთადერთ დანაშაულს წარმოადგენს ქრთამის აღება, რომლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (56 შემთხვევა) ფიქსირდება 2013 წელს წინა წლებთან შედარებით.

bpn

თუმცა, აღსანიშნავია, რომ IDFI-ის მიერ პროკურატურიდან მიღებული დოკუმენტაციის თანახმად, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ქრთამის აღების ფაქტების სტატისტიკური მონაცემები იწარმოება 2012 წლიდან. 2012 წელს მოხელეების ან მასთან გათანაბრებული პირების მიერ ქრთამის აღებისათვის სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 26 პირის მიმართ, ხოლო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ აღნიშნული დანაშაულისთვის დევნა დაწყებულია 1 შემთხვევაში. 2013 წელს აღნიშნული ტიპის დანაშაულისთვის პროკურატურის მიერ დაწყებული სისხლის სამართლის დევნის ფაქტები გაორმაგებულია.