პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სლოვაკეთის ელჩს საქართველოში რუდოლფ მიხალკასა და სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა , რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა სლოვაკეთის ექსიმ ბანკის გენერალური დირექტორი დუშან კეკეტი.
როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო და სლოვაკეთის წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია. აგრეთვე საუბარი წარიმართა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სლოვაკეთის მიერ ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.
„სლოვაკურმა მხარემ სრული მზადყოფნა გამოხატა კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მხრივ, რომელიც საქართველოში შესაძლებელია განხორციელდეს სლოვაკეთის მთავრობისა და ექსიმ ბანკის მხარდაჭერით.
შეხვედრის დასასრულს, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც გაზრდის და განავითარებს თანამშრომლობას საქართველოსა და სლოვაკეთს შორის“, - აცხადებენ უწყებაში.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სლოვაკეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე.