რამდენიმეთვიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ „თიბისი კაპიტალმა“ კომპანია „ნიკორას“ ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა.
როგორც „თიბისი ბანკი“ იუწყება, ობლიგაციების მოცულობა 10 მილიონი აშშ დოლარია.
„ფასიანი ქაღალდების ადგილობრივ ბაზარზე ეს არის არაფინანსური ჯგუფის კომპანიის ყველაზე მსხვილი განთავსება ამ დროისთვის. „ნიკორას“ ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 9%. ინვესტორების მოძიება, დაინტერესება და ობლიგაციების მიწოდება „თიბისი კაპიტალმა“ განახორციელა. „თიბისი კაპიტალმა“, პროექტზე მუშაობის პერიოდში კომპანიის დაფინანსების და ბაზრის მოთხოვნები სიღრმისეულად შეისწავლა, რის საფუძველზეც მოხდა ობლიგაციების რაოდენობისა და ფასის განსაზღვრა“, - აცხადებენ ბანკში.
„საქართველოს ბაზრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ემისია და მოხარული ვართ, რომ ჩვენი შვილობილი კომპანიის დახმარებით ეს შეთავაზება წარმატებით და ეფექტურად შედგა,“- განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„კმაყოფილი ვართ, რომ კომპანიას ამ მასშტაბის განთავსებაში ეფექტურად დავეხმარეთ. ვფიქრობთ, რომ ინვესტორების დიდი დაინტერესება განპირობებული იყო კომპანია „ნიკორას“ მრავალწლიანი ისტორიით, კვების პროდუქტების წარმოებისა და საცალო გაყიდვების ბაზარზე მისი წამყვანი პოზიციით და ობლიგაციების სწორად განსაზღვრული ფასით. ვთვლით, რომ ამ მასშტაბის განთავსება ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის გაფართოებას და მომავალში სხვა კომპანიების გააქტიურებას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე,“ - განაცხადა „თიბისი ბანკის“ დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძემ.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ობლიგაციების გამოშვება ისევ წარმატებით დასრულდა. კომპანიას მსგავსი გამოცდილება წარსულშიც ჰქონდა - გასულ წელს სს „ნიკორას“ ჰოლდინგში შემავალი სუპერმარკეტების ქსელმა 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა. ახალი ობლიგაციების გამოშვება დაგვეხმარება, მეტად მოქნილები ვიყოთ ფინანსურად და მოზიდული რესურსების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ,“- განაცხადა კომპანია „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა.
„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საკონსულტაციო, კვლევით და საბროკერო საქმიანობას ეწევა. „თიბისი კაპიტალი“ აქტიურ როლს ასრულებს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ვინაიდან ის ეხმარება ინსტიტუციურ და სტრატეგიულ ინვესტორებს, გამოიყენონ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და მეორე მხრივ, სთავაზობს ქართულ კომპანიებს მათზე მორგებულ სხვადასხვა ფინანსურ გადაწყვეტებს. „თიბისი კაპიტალი“ 1999 წელს დაარსდა და 2015 წლამდე კონცენტრირებული იყო საბროკერო საქმიანობაზე. 2015 წლიდან მას დაემატა კვლევითი და კორპორაციული საკონსულტაციო საქმიანობა, რითიც კომპანია გარდაიქმნა საინვესტიციო ბანკად.
„ნიკორა“ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელია. ის 1998 წლიდან ოპერირებს. ამჟამად, კომპანიის ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების, გაყინული საკონდიტრო პროდუქციის საწარმოები და საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელია გაერთიანებული.
„ნიკორა“ ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს.