დღეს გახდება ცნობილი, აიწევს თუ არა ევროს საპროცენტო განაკვეთი

სავალუტო ბაზარზე დღეს განსაკუთრებული დღეა - იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა იენზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა.

რამდენიმე საათში კი ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) უნდა გვამცნოს, უცვლელად დატოვებს თუ არა ევროს საპროცენტო განაკვეთს. უფრო საინტერესო კი ის არის, გააგრძელებს თუ არა მარიო დრაგის ადმინისტრაცია რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) პოლიტიკას, რომლის დანიშნულებაც, ევროზონის ეკონომიკის სტიმულაციაა.

იაპონიის ბანკმა, გარდა იმისა, რომ იენზე განაკვეთი არ შეცვალა, ასევე გამოაცხადა, რომ ინფლაციის მიზნობრივი დონის მისაღწევად უფრო მეტი დროა საჭირო, ვიდრე ადრე იყო განსაზღვრული. ეს იმ დროს, როცა მსოფლიოს მესამე უდიდესი ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, იზრდება იაპონიის ექსპორტი და შიდა გაყიდვები, მაგრამ ფასების უმნიშვნელო ზრდა არის ის გარემოება, რომელიც იაპონიის ბანკს, ინფლაციის ზრდის პროგნოზის შეცვლას აიძულებს.

„ფასების ზრდის დინამიკა შედარებით სუსტია, რადგან კომპანიები ჯერაც ფრთხილობენ ფასების და ხელფასების აწევას. ეკონომიკის პროგნოზისთვის რისკები კვლავაც კლებისკენ იხრება“, - ნათქვამია იაპონიის ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამის გამო, ბანკმა ინფლაციის მიზნობრივი დონის (2%) მიღწევის ვადა ერთი წლით გადასწია. ამგვარად, იაპონიის ბანკი ელის, რომ ინფლაციის დონე 2 პროცენტს 2020 საფინანსო წლის ბოლოს (მარტში) მიაღწევს.

იაპონიის ბანკმა უცვლელად დატოვა იენზე განაკვეთი, რომელიც ამჟამად მინუს 0.1 პროცენტის დონეზეა. ნულოვან პროცენტთან სიახლოვეს დარჩა 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა. გარდა ამისა, იაპონიის ბანკი კვლავაც გააგრძელებს სახელმწიფო ობლიგაციებს შესყიდვას. შესყიდვების მოცულობა უცვლელი დარჩა - წლიური 80 ტრილიონი იენი.

იაპონიის ბანკის ამ გადაწყვეტილებას, დოლართან მიმართებაში იენის უმნიშვნელო კლება მოჰყვა. თუ მანამდე დოლარის ფასი 111.97 იენი იყო, ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ 112.34 იენამდე (ამ მომენტისთვის) გაიზარდა.

რაც შეეხება ევროპის ცენტრალურ ბანკს, მისგან ბევრი ანალტიკოსი შემსუბუქების პოლიტიკის შეკვეცის დაწყებას ელის. ოღონდ, არა ივლისში. ამის მიუხედავად, ევრომ ივლისში ზრდა დაიწყო და წლის მაქსიმუმი განაახლა (1.1582 დოლარი). თუმცა მისი მიღწევის შემდეგ კლება დაიწყო და 1.1494-მდე ჩამოვიდა. დღეს ბაზარი ევროპის ცენტრალური ბანკისგან, ECB-ს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდგომ პრესკონფერენციაზე, ბანკის პრეზიდენტი მარიო დრაგი, QE-ს შეკვეცის დაწყებასთან დაკავშირებით, რაიმე მინიშნებას გააკეთებს.

რაც შეეხება ევრო-დოლარის წყვილის ფასის პროგნოზს, გარდა იმისა, რაც გუშინდელ მიმოხილვაში გაგაცანით, იმავე ტალღური თეორიის შესაბამისად, მოვლენათა სხვაგვარი განვითარებაც არის მოსალოდნელი. ამ სცენარის მიხედვით, წყვილის ფასის ივლისის აღმავალი მოძრაობა იყო კორექციული, რომელიც დასასრულს მიუახლოვდა და მალე ისევ კლება დაიწყება.

ფასის შემდგომ განვითარებას სტიმულს სწორედ დრაგის გამოსვლა მისცემს. თუ ის ECB-ს მიერ QE-ს შეკვეცასთან დაკავშირებით, მინიშნებასაც არ გააკეთებს, მაშინ შესაძლოა ფასი კვლავ დაბლა დაეშვას და ამ შემთხვევაში, ძირითადი სცენარი (აღმავალი ტრენდი) საპირისპიროთი შეიცვლება.