ქართული ტყის ვაშლით (მაჟალო) გერმანული კომპანია „როუზ ოფისი” დაინტერესდა. ამ ეტაპზე მოთხოვნა 2 ტონა გამშრალ მაჟალოზეა, რომელიც ბიოსერტიფიცირებულია.
პროდუქტს გერმანიაში ქართული კომპანია „კახეთი ბიო“ გაგზავნის, რომელიც საქართველოში „როუზ ოფისი”-ს პარტნიორია და სხვადასხვა მცენარეულ პროდუქციას ადგილობრივი მეწარმეებისგან და კოოპერატივებისგან იბარებს. მაჟალოსა და სხვა ბიოსერტიფიცირებული პროდუქტების მიწოდებას კომპანია პროექტის „ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება და გადამუშავება - ქალთა ჯგუფებისთვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა“ ფარგლებში ახორციელებს.
როგორც პროექტის კოორდინატორმა მარიკა ზარანდიამ ”ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, გერმანიაში მაჟალოს გარდა, ტყის არამერქნული პროდუქტების ფართო სპექტრით არიან დაინტერესებული. მათ შორის გერმანიაში უკვე გაიგზავნა ფურისულა, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ფარსმადუკისა და კრაზანას შეგროვება.
“ამ ეტაპზე მოთხოვნილია 2 ტონა გამშრალი და დაჭრილი მაჟალო, რომელიც გერმანიაში ნოემბერში უნდა გაიგზავნოს. მაჟალო სექტემბერში შემოდის, ქართული კოოპერატივები, რომლებიც ჩვენს პროექტში არიან ჩართულნი, შეაგროვებენ და დაჭრიან ამას, ჩირის სახით კი ”კახეთი ბიო” წაიღებს და გერმანიაში გაგზავნის. ამავე პერიოდში შემოვა ასკილი, რომელიც ბიოსერტიფიცირებული იქნება. ასკილს ჩვენი კოოპერატივებიც შეაგროვებენ და მოსახლეობისგანაც ჩაიბარებენ. გერმანიაში ასკილის გაგზავნასაც ვგეგმავთ. ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს ფარსმადუკისა და კრაზანას შეგროვება”, - განაცხადა მარიკა ზარანდიამ.
პროექტის „ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება და გადამუშავება - ქალთა ჯგუფებისთვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა“ კოორდინატორის, მარიკა ზარანდიას ინფორმაციით, პროგრამა მცხეთა-მთიანეთის სამ მუნიციპალიტეტში - დუშეთში, თიანეთსა და მცხეთაში ხორციელდება. პროექტს სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, OXFAM საქართველოსა და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია BLF-ის მხარდაჭერით ახორციელებს.