დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოთხოვნამ უკვე 40 მილიონ ლარს გადააჭარბა

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 135 ათასმა ადამიანმა შეავსო დეკლარაცია დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად და მოთხოვნა შეადგენს 43 მილიონ ლარს.

ეს ინფორმაცია bpn-ს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა მიაწოდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 135 ათასიდან 35 ათასმა ადამიანმა დეკლარაცია შეავსო ბანკებში, ხოლო დანარჩენმა შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრებში და ვებ-გვერდზე.

”ინფორმაცია სწრაფად იცვლება და იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებას ითხოვენ,” - ამბობს ხატია მოისწრაფიშვილი.

1 აპრილიდან იმ მოქალაქეს, ვისაც ხელფასის სახით გასული წლის განმავლობაში მაქსიმუმ 6000 ლარი დაერიცხა (ანუ ხელზე წლის განმავლობაში 1800-დან 4800 ლარამდე აიღო), სახელმწიფო უკან 360 ლარს დაუბრუნებს, მიუხედავად იმისა, კერძო კომპანიაში არის დასაქმებული, თუ საჯარო სამსახურში.

მას, ვისაც 2013 წელს ხელზე აღებული აქვს 1800 ლარზე ნაკლები, შესაბამისად, 360 ლარზე ნაკლები დაუბრუნდება. მაგალითად, თუ შარშან მთლიანობაში ხელფასი ხელზე 1600 ლარი აიღეთ, უკან 320 ლარი დაგიბრუნდებათ.

დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად საჭირო პროცედურა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე: www.rs.ge განთავსებულ შესაბამის ფორმაში მხოლოდ პირადი ნომრისა და საბანკო რეკვიზიტის (ანგარიშის ნომრის) მითითებით, ელექტრონული დეკლარაციის შევსებას გულისხმობს. მომხმარებელი დეკლარაციის შევსებისთანავე იღებს ინფორმაციას დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ. დეკლარაციის შევსება და გაგზავნა უკვე ითვლება დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნად.

არსებობს მეორე გზაც, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვისცენტრს პირადობის მოწმობის ან საბანკო ანგარიშის ნომრით, რომელზეც თანხა უნდა დაირიცხოს. მოქალაქეს სერვისცენტრში შეავსებინებენ შესაბამის დეკლარაციას თანხის დაბრუნების შესახებ.

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება შესაძლებელია ბანკებშიც, სადაც მოქალაქეს უკვე გახსნილი აქვს, ან გახსნის პირად ანგარიშს: ბანკი „რესპუბლიკა“; „პრივატბანკი“; „თიბისი ბანკი“; „საქართველოს ბანკი“; „ლიბერთი ბანკი“; „ბაზისბანკი“; „ქართუ ბანკი“; „კორსტანდარტ ბანკი“; „ბანკი კონსტანტა“; „ფინკა ბანკი საქართველო“. აღნიშნულ ბანკებში მოქალაქეებს ეხმარებიან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის დეკლარაციის შევსებაში.

რაც შეეხება თანხის დარიცხვას, როგორც მოისწრაფიშვილმა განაცხადა, კანონმდებლობის თანახმად ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია დეკლარაციის შევსებიდან 3 თვის ვადაში დაურიცხოს მოქალაქეს მის მიერ მითითებულ ანგარიშზე დაუბეგრავი მინიმუმის თანხა.

როგორც bpn-თან საუბარში მოქალაქე ნინო კუხიანიძე აცხადებს, დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე შეავსო. იმავე დღეს, დეკლარაციის შევსებიდან ცოტა ხანში, მისთვის კუთვნილი თანხა ანგარიშზე დაერიცხა და არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად.

დაუბეგრავი მინიმუმის ცნება საგადასახადო კოდექსში 2013 წელს შევიდა.