ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.
როგორც თურქეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველი გელა ჯაფარიძე აცხადებს, მსუბუქი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებს 70-მდე ადამიანმა მიმართა, თუმცა მათ შორის ქართველები არ არიან.
„ამ ეტაპზე მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ცხელ ხაზზე დარეკეს ჩვენმა მოქალაქეებმა და გვითხრეს, რომ მათ არანაირი დაზიანება არ აღენიშნებათ მიწისძვრის შემდეგ, თუმცა შიშის გამო დატოვეს სასტუმროს შენობები და საცხოვრებელი სახლები“, - განაცხადა ჯაფარიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში.
ეგეოსის ზღვაში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. ზიანი მიადგა თურქეთში ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონებს. საბერძნეთის კუნძულ კოსზე კი მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 100-მდე მოქალაქე. „როიტერის“ ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიამ ცუნამი და ნგრევა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. წინასწარი ვარაუდით, მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, კუნძულიდან 16 კილომეტრში იყო.
მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა თურქეთში ეგეოსის ზღვის სანაპიროზეც. ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონას ზიანი მიადგა.
6, 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისვრას თურქეთში მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არიან დაშავებულები.