ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს ექსპლუატაციის ვადა ეწურებათ, კომპანიას პარკის განახლების ვალდებულება აქვს

თბილისის მიკროავტობუსების პარკი 2018 წლიდან უნდა განახლდეს.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, 2018 წლიდან მიკროავტობუსების გარკვეული ნაწილის განახლების აქტუალურობის საკითხი დგება, ვინაიდან სამარშრუტო ტაქსებს განსაზღვრული საექსპლუატაციო ვადა აქვს, რომელიც სწორედ ამ პერიოდისთვის იწურება.

მისივე განმარტებით, თბილისის მიკროავტობუსების განახლება არ ნიშნავს, რომ მიკროავტობუსების ფერი და მარკა შეიცვლება.

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ ქალაქში ოპერირება 2011 წლიდან დაიწყო. მაშინ შვიდწლიანი ვადა იყო განსაზღვრული, რომლის შემდეგაც უნდა მოხდეს განახლება. მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსის ახლით ჩანაცვლება აქამდეც მომხდარა, მაგრამ უფრო აქტუალური 2018 წლიდან იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მიკროავტობუსის ფერი და მარკა შეიცვლება. მომავალი წლიდან ეს თემა აქტუალური ხდება“, - განაცხადა ლექვინაძემ.