დიმიტრი ქუმსიშვილი - 6 თვის შედეგების მიხედვით წლის ბოლოს 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით

ექვსი თვის შედეგების მიხედვით პოზიტიური შედეგები გვაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიმართულებით , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, „ამბასადორიალი 2017"-ის ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 4.5% შეადგინა; იანვარში მშპ-ს ზრდა იყო 5.2%, თებერვალში - 4.4%, მარტში - 5.3% აპრილში 2.1%, მაისში - 5.3%.

„აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 605 ათასი შეადგინა. (ზრდა გასულ წელთან შედარებით 4,7%) გამოშვებამ - 7,5 მლრდ ლარი, ხოლო ზრდამ 16.1% შეადგინა, საწარმოთა ბრუნვამ 15,2 მლრდ ლარი - 19.1%-იანი ზრდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში 27 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა.