გიორგი ქადაგიძე: ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცალკევება ყველა მხარეს დააზარალებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფა ზიანს მიაყენებს ყველა მხარეს.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ამ კანონპროექტს პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდა და არა მხოლოდ ეროვნული ბანკი, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ბიზნეს სექტორიც.

”სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ გაგვემართა ფართო დისკუსია და დიალოგი ამ თემასთან დაკავშირებით, ბატონმა ონოფრიშვილმა არჩია აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსუსური არგუმენტაციის გამოყენებით დაჩქარებული წესით ინიცირება გაეკეთებინა აღნიშნული კანონპროექტის და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - პროცესი, რომელიც ზიანს აყენებს ყველა მხარეს,” - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის ოფიციალური დასკვნა უკვე გაგზავნილია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში და ვინაიდან დღეისათვის საკითხი მთლიანად პოლიტიკურ ჭრილშია გადასული, ის თავს შევიკავებს სხვა რაიმე ტიპის კომენტარის გაკეთებისაგან.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკისაგან გამოყოფის საკითხის განხილვამ პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დეპუტატთა შორის დაპირისპირება გამოიწვია.

როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული ცვლილება საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, ქვეყანაში განხორციელებულ ყველა ტრანზაქციაზე ტოტალური კონტროლი დაამყაროს.

”ფინანსური მონიტორინგის გადატანა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში ნიშნავს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას შეუძლია, რომ თითოეული მოქალაქის, ბიზნესორგანიზაციის ანგარიში გააკონტროლოს, ვინ ვის რა თანხა გადაურიცხა და ამისთვის აღარ დასჭირდება სასამართლო გადაწყვეტილების მიღება”, - განაცხადა ვაშაძემ.

დეპუტატი ეჭვით უყურებს საკანონმდებლო ცვლილების ავტორის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფროშვილის განცხადებას, რომ ცვლილება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება.

”ევროკავშირის ქვეყნებში, იტალიასა და ესპანეთში, ეს სამსახური ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაშია”, - აცხადებს ვაშაძე.

თავის მხრივ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ დასძინა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური ვერ იქნება დამოუკიდებელი, რადგან პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოხვედრისას ავტომატურად გადავა საბიუჯეტო დაფინანსებაზე. შესაბამისად, უწყება ფინანსურ დამოუკიდებლობას დაკარგავს.

ჯაფარიძემ მოითხოვა, კანონპროექტი რეკომენდაციებისთვის ევროსაბჭოს ყველაზე ავტორიტეტულ სტრუქტურას, მანივალის გადაეგზავნოს, რომლის რეკომენდაციის საფუძველზე თავის დროზე ფინანსური მონიტორინგის სამსახური შეიქმნა.

”თუ ევროსაბჭო გვეტყვის, რომ ფინანსური მონიტორინგი ასე უკეთესად იმუშავებს, მაშინ ხმას არ ამოვიღებთ. მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილება შეამცირებს საფინანსო სისტემის სანდოობას და საინვესტიციო მიმზიდველობას”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება პროექტის ავტორს, ონოფრიშვილმა ოპოზიციის განცხადებებს ”ნაციონალური დემაგოგია” უწოდა.

”თქვენ მოსახლეობა შეცდომაში შეგყავთ. ახლაც, ცვლილებების გარეშე, მონიტორინგის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს. ჩვენ კანონი ევროკავშირთან შესაბამისობაში მოგვყავს. ეროვნულ ბანკს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მხოლოდ იტალიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ექვემდებარება”, - აღნიშნა ონოფრიშვილმა.

მისი თქმით, უწყება აღნიშნული ფორმით ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა ჩამოაყალიბა, რომელიც ”ნეიტრალური სამსახური არ ყოფილა” და იქ დღესაც მუშაობენ პროკურატურისგან დანიშნული კადრები.

”თქვენს აშენებულ დემოკრატიას ვხედავთ. თქვენ ეროვნული ბანკი, საერთოდ აპოლიტიკური ორგანიზაცია, აუდიტის სამსახური ჩართეთ სწორედ პოლიტიკის ბრძოლის ინსტრუმენტად, ”ქართუ ბანკის” გაკოტრება და ჩვენი მხარდამჭერების ქონების წართმევა დაიწყეთ. ჩვენ სხვანაირ ქვეყანას ვაშენებთ. ეს არის ევროპული გზა, ასე ხდება ევრიკავშირის 99% ქვეყანაში, არავის ანგარიში არ მოხვდება ინტერესის არეალში, თუ ფულის გათეთრებას და ტერორიზმს არ ემსახურება”, - განაცხადა ონოფრიშვილმა.