ის, რომ დიპლომატები ჩართულნი იქნებიან ინვესტიციების მოზიდვაში, უმნიშვნელოვანესია. ისინი უნდა იყვნენ კარგად ინფორმირებულნი და უნდა იცოდნენ რა პოტენციალი გააჩნია ქვეყანას, განსაკუთრებით საინვესტიციო მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ილია ელოშვილის განმარტებით, სწორედ დიპლომატებს აქვთ საშუალება მოიძიონ და ჰქონდეთ ინფორმაციები ინვესტიციების შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი არიან წარგზავნილნი.
ენერგეტიკის მინისტრის თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს საინვესტიციო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდის მიმართულებით.
”დიპლომატებს საშუალება აქვთ მუდმივად მოიძიონ და შეხება ჰქონდეთ იმ ქვეყნების ინვესტორებთან, სადაც ისინი არიან წარგზავნილნი. რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს, ჩვენ თითქმის ყველა კონტინენტიდან გვყავს ინვესტორები და გვინდა, რომ იმ ქვეყნების სია, რომლებიც მუშაობენ ჩვენს საინვესტიციო პროექტებზე, კიდევ უფრო გავზარდოთ. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ჩვენს დიპლომატებთან, ვაწვდით მათ ინფორმაციებს მიმდინარე პროექტებზე და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ”, - განაცხადა ილია ელოშვილმა.
მისი თქმით, სამომავლო პერსპექტივაში განახლებადი ენერგიის და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მიმართულებით იმუშავებენ.