დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მერიამ "ელიავას ბაზრობის" მესაკუთრეებს ტერიტორიის გამოსყიდვა შესთავაზა.
ამ წუთებში თბილისის მერი ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ერთად ხვდება და მათ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას აცნობს. აღნიშნულ შეხვედრას "ელიავას ბაზრობის" მფლობელებიც ესწრებიან.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი შეხვედრაზე მოწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებიან, უშუალოდ ელიავას ბაზრობის საკითხზე მსჯელობა კი საკრებულოში გაიმართება.
"არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. დღეს ისინი მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებიან შეხვედრას, რომ გაეცნონ გენგეგმის ძირითად მიმართულებებს. ხოლო, კონკრეტულად ამ საკითხზე მსჯელობა საკრებულოში გაიმართება. ისინი იყვნენ ჩემთან. მათ წარმოადგინეს თავიანთი განვითარების გეგმები. გენერალური გეგმის ჯგუფს აქვს განსხვავებული მოსაზრება ამ საკითხებთან დაკავშირებით. მათი გეგმა გულისხმობს ელიავას ტერიტორიის მოწესრიგებას და განვითარებას. ხოლო, გენერალური გეგმის პოზიცია გულისხმობს იქ რეკრეაციული სივრცის განვითარებას",- განაცხადა დავით ნარმანიამ.