"საქართველოს რკინიგზის" მოლარე-კონტროლიორები თანხის მითვისების ფაქტზე დააკავეს

,,საქართველოს რკინიგზის" მოლარე-კონტროლიორებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში სამი პირი ამხილეს და დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, დაკავებულებმა თბილისი-ბორჯომი-თბილისის მიმართულების საგარეუბნო მატარებელში დამონტაჟებული სამგზავრო ბილეთების ავტომატური აპარატებიდან, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვადასხვა დროს მიითვისეს სააქციო საზოგადოება - ,,საქართველოს რკინიგზის" კუთვნილი 71 290 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.