უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ან ზოგადად, უძრავი ქონების გასხვისებაზე არავინ არანაირი შეზღუდვის შემოღებას არ აპირებს , - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
„ის კომუნიკაცია, რომელიც ჩვენს გუნდს ჰქონდა, აბსოლუტურად გახსნილი იყო და არავინ აპირებს დაამძიმოს, ან შეამსუბუქოს მდგომარეობა იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ გქონდა კომუნიკაცია. შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ან ზოგადად, უძრავ ქონებაზე არანაირი შეზღუდვის შემოღებას არავინ აპირებს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ფადი ასლის განცხადებით, უცხოელებზე არა მარტო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, არამედ ყველა ტიპის მიწის გაყიდვა აიკრძალება. ფადი ასლი „ფეისბუქის" გვერდზე წერს, რომ კანონში, რომელიც პარლამენტმა 2 მოსმენით მიიღო, სიტყვა „სასოფლო- სამეურნეო“ აღარ წერია და ის ყველა ტიპის მიწაზე გავრცელდება.