გიფრენიათ ოდესმე თვითმფრინავით, რომელსაც ქალი პილოტი მართავდა? ალბათობა იმისა, რომ ოდესმე ქალის პილოტაჟის პირობებში გიმგზავრიათ, მართლაც დაბალია, რადგან დღეს მსოფლიოს ავიატორებში მხოლოდ 5%-ია ქალი.
ეს კი იმის ფონზე, როცა მგზავრების უმრავლესობა ბოლო წლების ყველა გამოკითხვაში აცხადებს, რომ მათ უსაფრთხოების შეგრძნება მაშინ უფრო აქვთ თუ რადიოში მამაკაცი პილოტის ხმა ესმით.
მიუხედავად იმისა, რომ ქალები იშვიათად მართავენ თვითმფრინავს, ევროპაში მოგზაურობის დროს შესაძლოა თქვენ იმ რეისზე მოხვდეთ, რომელსაც სამი შვედი ქალიდან ერთ-ერთი უძღვება. მარია პეტერსონი, მარია ფაგერსტორმი და მალინ რიდკვისტი ავიატორი ქალების ყველაზე ცნობილი ტრიოა. ისინი პირველი ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კაპიტნის შემდეგ ბორტი სწორედ მათ აბარიათ.
პილოტი ქალები დიდი ხანია მეგობრობენ და ხშირად ფრენის გრაფიკს იმგვარად ალაგებენ, რომ ერთმანეთს სხვადასხვა ლოკაციებზე შეხვდნენ. გამოცდილ ავიატორებს ინსტაგრამზე მრავალათასიანი მიმდევართა სია აქვთ. სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მათი მისამართით ძირითადად პოზიტიურია, თუმცა ზოგი სწორედ იმ სტატისიკურ უმრავლესობაში ხვდება, რომელსაც თვითმფრინავში კაცი პილოტი ურჩევნიათ.
შვედი ავიატორები ხშირად იღებენ გაოცებული ადამიანების წერილებს, რადგან მათ აქამდე ეგონათ, რომ ეს მხოლოდ "კაცის საქმე" იყო. ხოლო როცა ახლად გაცნობილ ადამიანებს ეუბნებიან, რომ ავიაციაში არიან დასაქმებულები, ყველა თვლის, რომ ისინი ალბათ ბორტგამცილებლები არიან.
მარია პეტერსონი თვლის, რომ მისი პროფესიული არჩევანი მართლაც ამსხვრევს სტერეოტიპებს და სხვა ქალებს უჩვენებს, რომ მათაც შეუძლიათ მართონ ავიალაინერები. თავად მხოლოდ ერთხელ უმგზავრია თვითმფრინავით, სადაც კაპიტანი ქალი იყო. ამბობს, რომ რადიოში ქალის ხმის გაგონებამ ძალიან გაახარა.
სამ მეგობარში ყველაზე უმცროსი, 25 წლის მარია ფაგერსტორმია, თუმცა მის ანგარიშზე უკვე არის 860 რეისი და 1800 საათი ჰაერში. ის ამბობს, რომ ამ პროფესიის დაუფლება პილოტმა მამამ გადააწყვეტინა.
მალინ რიდკვესტი კი თავის ოჯახში პირველი ავიატორი ქალი არაა. ბავშვობაში ხშირად მჯდარა პილოტის კაბინაში, სადაც დედამისი მართავდა თვითმფრინავს. თუმცა მაშინ პილოტობაზე არ უოცნებია. როცა პროფესიის არჩევის დრო მოვიდა, მიხვდა რომ ეს ის საქმეა, რაც ხშირი მოგზაურობისა და მსოფლიოს შემოვლის საშუალებას მისცემდა.
პილოტი ქალები ამბობენ, რომ ისინი არ ცდილობენ მიბაძონ კაცებს მუშაობის დროს. არამედ ასრულებენ თავის საქმეს ისე, როგორც ქალები და თან ეს იდეალურად გამოსდით. შვედი პილოტები აცხადებენ, რომ მათ მიმართ კოლეგების დამოკიდებულებაც არადისკრიმინაციულია და მამაკაც კოლეგებთან თანასწორად აღიქვამენ თავს, ჰაერშიც და მიწაზეც.
წყარო: ginsc.net