მცხეთაში 120 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, კორპუსების მშენებლობა დაიწყო. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან იუწყებიან, მინისტრმა სოზარ სუბარმა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც ორი რვასართულიანი კორპუსი აშენდება.
მათივე ინფორმაციით, სოზარ სუბარი მცხეთაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა და მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ძალიან დიდი ხანია, უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, რაც მცხეთაში დევნილები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. დაიწყო 2 კორპუსის მშენებლობა, სადაც ჯამში ბინას 120 ოჯახი მიიღებს. ეს კორპუსები სრულად დააკმაყოფილებს დევნილებს, რომლებიც მცხეთასა და მცხეთის რაიონში ცხოვრობენ, ყველას ექნება გარემონტებული ბინა. მშენებლობა მომავალი წლის აგვისტოში დასრულდება. ზუსტად წელიწადსა და ერთ თვეში ამ კორპუსებში დევნილები შესახლდებიან და მცხეთაში დევნილების განსახლების პრობლემა აბსოლუტურად მოიხსნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
„5 880 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტრანსმშენი“ აწარმოებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება და ამით მცხეთაში დევნილთა განსახლების პრობლემა გადაიჭრება“,- ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.