მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციაა, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრიაციული ზონა მოეწყოს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშვე კომპანია ”სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, ტერიტორიის, რეკრიაციისა და გამწვანების რეკომენდაციას ჯგუფი იძლევა, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ალბათ თავად დედაქალაქის ხელმძღვანელობასა და კერძო მესაკუთრეებს საკმაოდ რთული მოლაპარაკებები ექნებათ.
”ჯგუფის რეკომენდაციაა ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრიაციისა და გამწვანების მოწყობა და არა საცხოვრებლის, საწარმოს და სხვადასხვა ფუნქციების განხორციელება. ჩვენ პირდაპირ ვთქვით, თუ გვინდოდა საცხოვრებლის გაკეთება ვიტყოდით, რომ უნდა მიეცეს საცხოვრებელი ფუნქცია, თუ გვინდოდა იგივეს დატოვება, ვიტყოდით, რომ იგივე ფუნქციით უნდა დარჩეს. რაც ჩვენ ვთქვით, ეს არის რეკრიაცია და გამწვანება. ოღონდ ეს არის შეთანხმების საფუძველი. ეს უნდა გადაწყვიტოს თბილისის მერიამ კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმებით. ეს არის ჩვენი რეკომენდაცია და მიგვაჩნია, რომ არის სწორი გადაწყვეტილება. დანარჩენზე თავად იმსჯელებენ და ალბათ, ექნებათ საკმაოდ რთული მოლაპარაკებები ქალაქის ხელმძღვანელობას და კერძო მესაკუთრეებს. ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ უნდა დავუთმოთ ამ ხალხს, რომ აირჩიონ ალტერნატიული ლოკაციები, სადაც ვთავაზობთ ტერიტორიებს. კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არის ქალაქის განაშენიანების შიგნით, არ არის ძალიან შორს. არ არის რუსთავში. არ არის თბილისის ზღვაზე. ეს არის საავტომობილო მაგისტრალებთან, მეტროსადგურებთან ახლოს. ორ ლოკაციაზეა საუბარი”, - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ, თუმცა ”სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორს აღნიშნული ლოკაციები არ დაუკონკრეტებია.
მამუკა სალუქვაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, სადაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ერთად უნივერსიტეტის პროფესურას ხვდებოდა. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ელიავას ბაზრობის თანამშრომელთა ნაწილი. ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ისინი ბაზრობის გადატანის იდეას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ მათ ტერიტორიის განვითარების ალტერნატიული გეგმა გააჩნიათ.