თბილისის მერია ”პანორამა თბილისის” პროექტს განიხილავს

,,პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომა 7 აპრილს, სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, სხდომაზე უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული პირების მონაწილეობა განხილვაში. ამასთან, თბილისის მერია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მხარს უჭერს დედაქალაქში სამშენებლო-საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, თბილისის უბნების რეაბილიტაციასა და თვისობრივ განახლებას, ”მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული თვითმყოფადი სახის მაქსიმალურად შენარჩუნების პირობით.”

მერიაში იმედს გამოთქვამენ, რომ დაინტერესებული პირების მონაწილეობა ხელს შეუწყობს კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.