EBRD გამოყოფს რესურსებს ბათუმისთვის 30 ახალი ავტობუსის შესაძენად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოეწერა ხელი და მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გაკეთდება აქცენტები.
პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ჩატარებული კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ შეაფასა და მინისტრ ვიქტორ დოლიძეს ღონისძიების წარმატებით ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა გამოვეხმაურო 13-14 ივლისს ბათუმში წარმატებით ჩატარებულ კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა - თანამშრომლობა რეგიონული სტაბილურობისთვის“. მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრს, ბატონ ვიქტორ დოლიძეს. ძალიან წარმატებული კონფერენცია იყო. არცერთი დღემდე ჩატარებული კონფერენცია არ ყოფილა ასეთი მასშტაბის, როგორც წელს იყო.
ძალიან კარგია, რომ კონფერენცია ჩატარდა ესტონეთის თანამონაწილეობით, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის. ვფიქრობ, ეს იყო მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონფერენციაზე ასევე შედგა ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი ახალი თანამშრომლობის ფორმებზე აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნებთან მიმართებაში.
ხელი მოეწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს, მათ შორის - ევროპის საინვესტიციო ბანკთან 250 მილიონი ევროს დაფინანსების თაობაზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, EBRD გამოყოფს რესურსებს ბათუმისთვის 30 ახალი ავტობუსის შესაძენად. აქედან გრანტი იქნება 1.5 მილიონი ევრო, 5.5 მილიონი ევრო არის საკრედიტო დაფინანსება. ნაწილი იქნება ელექტრო ავტობუსები, რაც სიახლეა ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, უფრო და უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება მომავალში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.