სნოში ხვალ 34-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება.
როგორც სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, სასტუმროს გახსნის ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე დაესწრება და სასტუმროს აკურთხებს. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან მთავრობის წევრები.
„34- ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება, რომელიც რეგიონისთვის საკმაოდ ფეშენებელური და დიდია. ფასები საკმაოდ მისაღები იქნება. სასტუმრო მრევლის შემოწირულობებით აშენდა. ადგილზე პირველ რიგში, ადგილობრივები დასაქმდებიან და სასტუმროს მოგება მთლიანად ადგილობრივების სოციალურ დახმარებას მოხმარდება - საკვებით, ტექნიკით, ნებისმიერი საშუალებით, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დასჭირდება. უნდა დავეხმაროთ ადგილობრივებს, რომ მთა არ დაიცალოს“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.