„როლს-როისი“ აცხადებს, რომ არ აპირებს ჰიბრიდული აგრეგატების გამოყენებას და არჩევს, რომ თავის მყიდველს სრულიად ელექტრული მოდელები შესთავაზოს.ამის შესახებ, ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, თვით „როლს-როისის“ მთავარმა აღმასრულებელმა, ტორსტენ მიულერ-ოტვოსმა განაცხადა. ის ამბობს, რომ ავტოინდუსტრიის მომავალი ელექტრული ძალური დანადგარებია და რომ მისი კომპანიის მომხმარებლებისთვის ჰიბრიდული ტექნოლოგიები მიუღებელია.
„ელექტრიფიკაცია არის გზა წინ. და ჩვენ არ გადავდგამთ შუალედურ ნაბიჯებს, როგორიც შეიძლება ჰიბრიდიზაცია იყოს. ეს არის მომავლის ამძრავი სისტემა. ჯერ ვერავინ იტყვის, როდის დადგება დრო, როცა შიგაწვის ძრავები აღარ იქნება. ამას დიდი, ძალიან დიდი დრო დასჭირდება. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება“, - ამბობს მიულერ-ოტვოსი.
კითხვაზე, რატომ არის „როლს-როისის“ დამოკიდებულება ჰიბრიდული აგრეგატებისადმი ასეთი ნეგატიური, კომპანიის შეფი ასე პასუხობს: „რევოლუციური ტექნოლოგიები ”როლს-როისისთვის” არაა. ჩვენი მომხმარებლები არჩევანს მაქსიმალური ფუფუნების გამო აკეთებენ. ამიტომ, ჩვენს მანქანებს ნაკლი არ უნდა ჰქონდეს. კომპრომისები, როცა ლაპარაკია ჩვენი პროდუქტების ტექნოლოგიებსა და ექსპლუატაციაზე, მიუღებელია. ეს ხალხი ძალიან საიმედო სუბსტანციებითაა დაინტერესებული და არ სურს, რომ იყოს ახალი ტექნოლოგიების გამოსაცდელი ტესტების ნაწილი“.
რაც შეეხება ავტონომიურ ტექნოლოგიებს, „როლს-როისის“ შეფი არ მალავს, რომ მისი კომპანია ასეთ სისტემებს გამოიყენებს, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს საკითხი მის პრიორიტეტებს შორის არაა. ”როლსების” მფლობელთა უმეტესობას დაქირავებული მძღოლები ემსახურებიან და ეს გარკვეულწილად ისაა, რასაც მათ ავტონომიური ტექნოლოგიები შეუცვლის. ამის მოთხოვნილება და საჭიროება კი რეალურად არ არსებობს. ჩვენ ერთი ისეთი მომხმარებელიც არ გვყავს, ვინც მეტყვის: „ტორსტენ, როდის გააკეთებთ ავტონომიურ ”როლს-როისს?“