რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია დაასრულა, - ამის შესახებ სამინისტროდან იუწყებიან.
ახალი გზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
„სამშენებლო მონაკვეთი გაივლის თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს და ერთმანეთთან 15-მდე სოფელს დააკავშირებს. პროექტის შესაბამისად, გაკეთდა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, 2 სახიდე გადასასვლელი, რკინა-ბეტონის მილები, კიუვეტები, საყრდენი კედლები და გაბიონები. ასევე, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და საგზაო ნიშნები.
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი წლების განმავლობაში ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, ხოლო წყლის აცილების სისტემა - მწყობრიდან გამოსული. სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები სრულად მოგვარდა.
პროექტის განხორციელებისთვის 21 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო“, - აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.