გამართული სისტემა გვაქვს იმისთვის, რომ რეადმისიამდეც, პროაქტიულად ვიმუშაოთ უვიზო რეჟიმის დამრღვევების საკითხზე , - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილმა განაცხადა. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს შეთანხმების გადასინჯვა ევროკავშირის საზღვრის დაცვის სამსახურთან, „ფრონტექსთან“, რომელთანაც, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის გაცვლა უფრო აქტიურად მოხდება.
„როგორც ევროპოლია ევროკავშირის პოლიციის სამსახური, ასევე „ფრონტექსია“ საზღვრის დაცვის სამსახური და ახლა უნდა გადავხედოთ მათთან შეთანხმებას, იმ კუთხით, რომ თუკი მათ დაჭირდებათ ჩვენგან უფრო ქმედითი ნაბიჯი, ჩვენ ამას განვახორციელებთ. ინფორმაციის მიწოდების რეჟიმში, ჯერჯერობით არ დგას საჭიროება ამ ინფორმაციის მიმოცვლის, თუმცა, როგორც კი საჭიროება იქნება, ჩვენ შესაბამისი ინფორმაციები გვაქვს და ვაწვდით. ყოველდღიურ რეჟიმში არ მიდის იმ ინფორმაციის გაცვლა იმაზე, რომ ვიღაც არ დაბრუნდა. ჩვენ გვაქვს გამართული სისტემა იმისთვის, რომ თუ ვინმე დაარღვევს უვიზო რეჟიმის პირობებს, როგორც კი ეს ევროპული მხარის ყურადღების ქვეშ მოექცევა, რეადმისიამდეც, პროაქტიულად ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, - განაცხადა ხუციშვილმა.
რაც შეეხება ქართველი მესაზღვრეების მუშაობას, როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მესაზღვრეების გაფრთხილების მიუხედავად, 160-მა ადამიანმა მაინც გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, თუმცა ისინი ევროპელმა მესაზღვრეებმა უკან გამოაბრუნეს.
„ჩვენ გვქონდა 160-მდე შემთხვევა ამ 55 ათასიდან, როდესაც წამსვლელმა მოქალაქეებმა არ დაუჯერეს მესაზღვრეებს, ჯიუტად გააგრძელეს გზა ევროპისკენ და ჯიუტადვე გამოაბრუნეს უკან ევროპელმა მესაზღვრეებმა“, - განაცხადა ხუციშვილმა.