საქართველოს მთავრობა მეცხვარეობის განვითარების პროგრამაზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკის სამინისტროში დღეს ადგილობრივი მეცხვარეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

მეცხვარეობის განვითარების თემაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და რეგიონული პოლიტიკისა თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკიმ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობაში განიხილება მიწის სახელმწიფო ფონდიდან კლასტერების გამოყოფის საკითხი, სადაც მოეწყობა საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის საძოვრები, აგრეთვე მოგვარდება გადასარეკი ტრასების პრობლემაც.

შეხვედრაზე გადაწყდა დარგის განვითარების პროგრამის მომზადებაც, რომელსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს.

ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრას ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატები და მეცხვარეთა ასოციაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.