ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული მწვანე ტბის პროექტირება წელს დასრულდება

ზურაბ პატარაძე დღეს, საქართველოს პარლამენტის ხულოს მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან და „გოდერძი რიზორტსის“ ხელმძღვანელ ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად მწვანე ტბის ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტს ადგილზე გაეცნო. როგორც აჭარის ა/რ მთავრობის პრესსამსახურიდან იუწყებიან, კურორტის ხელმძღვანელი მთავრობის თავმჯდომარეს ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესებზე, დაგეგმილ სიახლეებზე და კურორტის განვითარების გეგმებზე ესაუბრა.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ულამაზესი მწვანე ტბა მაღალმთიან აჭარაში პოპულარული და ტურისტულად დატვირთული მარშრუტია და მას სამთო ტურიზმის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი პერსპექტივები აქვს.

”ამ ეტაპზე მწვანე ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ზურაბ პატარაძემ რეაბილიტირებული საავტომობილო გზა დაათვალიერა. 6,5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვა მოშანდაკება და შევიწროებული ადგილების გაფართოება აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარატამენტმა განახორციელა.

ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის კეთილმოწყობის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. მიმდინარე წელს პროექტირების პროცესი დასრულდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა ტერიტორია და მოსასვენებელი ადგილები, მოეწყობა წყლის სისტემა და განთავსდება სანაგვე ურნები.

პროექტი 2018 წელს დასრულდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.